მედიკამეტებით უზრუნველყოფის პროგრამა შეიცვალა და ასაკით პენსიონერებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ახლა უკვე ერთ ლარად შესაძლებლობა ექნებათ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტი შეიძინონ. ჯანდაცვის სამინისტროში ფიქრობენ, რომ ეს ცვლილება პროგრამის ბენეფიციარების ზრდას გამოიწვევს. ჯანდაცვის ექსპერტები კი ამ პროგრამას სკეპტიკურად უყურებენ და არგუმეტად ბიუჯეტიდან აუთვისებელი თანხები მოჰყავთ. შეგახსენებთ, რომ “მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა” 2017 წელს დაიწყო და ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით, უფასო მედიკამენტებით 150 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანს უნდა ესარგებლა, თუმცა სტატისტიკის მიხედვით 2017 წელს მედიკამენტების პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს კი პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა. ჯამში სულ 35 ათას 661 ადამიანი, ანუ პროგრამაში ჩართვა 164 ათას 339-მა ადამიანმა ვერ შეძლო.