მედიაში გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში 4 სახის მედიკამენტი ფიქსირდება, საიდანაც 1 ქართულ ბაზარზე არ იყიდება - Palitra News

მედიაში გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში 4 სახის მედიკამენტი ფიქსირდება, საიდანაც 1 ქართულ ბაზარზე არ იყიდება

2020-08-21 17:06:24+04:00

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, მის სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება.

ექსპერტიზის შუალედური დასკვნა მედიასაშუალებებით გავრცელდა. დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილის სხეულში მხოლოდ წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა აღმოჩნდა.

შუალედურ დასკვნაში მედიკამენტების დოზა მითითებული არ არის და ის სავარაუდოდ, დოკუმენტის საბოლოო პასუხში ჩაიწერება, თუმცა, დასახელებულია 4 სახეობის პრეპარატი, მათ შორის ერთი ქართულ სააფთიაქო ქსელში არ იყიდება.

დასკვნის მიხედვით, ცხედრიდან ამოღებულია ეთილის სპირტის კვალიც და მითითებულია, რომ ეს შესაძლოა, ცხედრის ლპობით ყოფილიყო გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.