ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას კი 5 ადამიანი ემსხვერპლა.
Reuters-ი წერს, რომ დღეს დილით ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზაში მას შემდეგ, რაც თელ-ავივისა და ბეერ-შევას მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს. მედიის ინფორმაციით, ღაზაში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა.
ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, შენობაში „ჰამასის“ დაზვერვის ცენტრი, დასავლეთ სანაპიროს სარდლობა და პროპაგანდის დეპარტამენტი იყო განთავსებული. მათი ინფორმაციით, თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მოსახლეობა გააფრთხილეს, შენობა დაეცალათ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 10 მაისს, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო.
გუშინ „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მან 130 რაკეტა გაუშვა თელ-ავივის მიმართულებით.