ჩრდილოეთ კორეის მიერ ოთხშაბათს გაშვებული რაკეტები ახალი სარკინიგზო სარაკეტო სისტემის გამოცდა იყო, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA იუწყება. სააგენტოს ცნობით, სარაკეტო სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ კონტრშეტევა განახორციელოს ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას საფრთხეს უქმნის. KCNA-ის ინფორმაციით, რაკეტებმა, სამიზნემდე მიღწევამდე, 800 კილომეტრი მანძილი დაფარეს. შეგახსენებთ, გუშინ სამხრეთ კორეისა და იაპონიის ხელისუფლებებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რამდენიმე დღის ადრე კი ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა, რომელსაც, ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა ბირთვული შესაძლებლობები ჰქონდეს.