გაეროს დაახლოებით ასმა თანამშრომელმა ალეპოში მიმდინარე სისხლიანი ძალადობა გააპროტესტა. აქციის სლოგანი "მე ვარ ალეპო" და "გადაარჩინე ალეპო" იყო. სირიის ისტორიული ქალაქის გადარჩენის მოწოდებით თანამშრომლები გაეროს შტაბ-ბინასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით ბოლო დღეების განმავლობაში ალეპოში ათობით ქალი და ბავშვი მოკვდა. გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის წარმომადგენლის განცხადებით ევაკუაციის დროს ალეპოში 82 ადამიანი მოკლეს.
თურქეთში 55 დაჭრილი ჩაიყვანეს, რომლებმაც დაზიანებები აღმოსავლეთ ალეპოს ტერიტორიაზე მიიღეს. თურქეთის წითელი ჯვრის პრეზიდენტის, კერემ კინიკის თქმით დაჭრილების მდგომარეობა მძიმეა. პარალელურად გრძელდება ალეპოდან მოსახლეობისა და ოპოზიციის მებრძოლების ევაკუაციაც. ევაკუაციის გეგმის მიხედვით მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შემდეგ, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მებრძოლები ქალაქზე სრულ კონტროლს დაამყარებენ, რაც რამდენიმე წლიანი ომის შემდეგ პირველად მოხდება.