"მე მაგათი დაცვა არ მჭირდება", - ასე უპასუხა ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე არსებობს."თურმე მთავრობამ ჩემი დაცვა გადაწყვიტა. 6 თვეა ვეხვეწები ჩემი შვილის უფლებების დაცვას და 6 თვე სულში აფურთხებენ ჩემ შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება", - განაცხადა აქციაზე ზაზა სარალიძემ.შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს სთავაზობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.„არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.