პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასამართლოს ირგვლივ შექმნილი ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ის მთელ პროცესს ყურადღებით დააკვირდება.
"დავიწყებ იმით, რომ სასამართლოს რეფორმა და ნდობა მის მიმართ არის ქვაკუთხედი ჩვენი დემოკრატიის და სხვა ყველაფრის. ევროკავშირში ჩვენი მომავლის საწინდარი არის ის, თუ როგორი იქნება ჩვენი სასამართლო. ნდობა უნდა არსებობდეს არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების, არამედ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ უნდა გადავიდეთ არსებული რეფორმის მეოთხე სტადიაზე და ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენი საზოგადოების და შემდეგი თაობების მომავალს. მე ვთვლი, რომ არ შეიძლება როგორც მთელი საზოგადოება, ისე პრეზიდენტი არ იყოს ყურადღებით მთელი ამ პროცესის მიმართ, თუ რა სისწრაფით იქნება შემოტანილი რეფორმის მეოთხე ეტაპი, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ ეკიდება ამას საზოგადოება. მე არ ვარ არც ინდიფერენტული, არც ნეიტრალური, ვარ ძალიან დიდი მომხრე ამ რეფორმის და ასე იქნება ბოლომდე" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.