საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროპარლამენტის ანგარიშში სიტყვა "პოლიტპატიმარი" ვერ აისახებოდა და ვერც გიორგი რურუას სახელი და გვარი იქნებოდა ნახსენები, რადგან მისივე შეფასებით, "ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ "ნაცმოძრაობის" და მისი კლასტერის ინტერპრეტაცია."მდინარაძის თქმით, როცა ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შეფასებისას სიტყვა "ნაგულისხმევს" იყენებს, ამით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რაც არ გამოსდის.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშში , რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა პირველი კენჭისყრით მიიღო, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მაღალ შეფასებას აძლევს პოლიტიკური პარტიების მიერ 8 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ხელმოწერის ფაქტს და მხარეებს შეთანხმების ყველა ასპექტის შესრულებისკენ მოუწოდებს.
გარდა ამისა, ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების ფაქტს და მას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.