"თქვენს მიერ შეწყალებულმა 575-მა მსჯავრდებულმა, ხელმეორედ ჩაიდინა 672 დანაშაული, რომელთაგან 189 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე იყო, აქედან 40 ძალადობის და ოჯახური ძალადობის შემთხვევაა" - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტს. მამუკა მდინარაძემ საკუთარი გამოსვლა გიორგი მარგველაშვილის კრიტიკით დაიწყო.მისი თქმით, ბევრი ადამიანი ვერ მიხვდა, რაზე იყო პრეზიდენტის მოხსენებაში სწორება და რა იყო ძირითადი მიმართულებები.მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სატელევიზიო ინტერვიუდან გაიგეს, რომ მას კონკრეტულ საკითხებზე უსაუბრია. მისივე თქმით, 10 ათასი პატიმრიდან პრეზიდენტმა 3600-ზე მეტი შეიწყალა, ბოლო წლებში შეწყალებული იქნა 55 მსხვილი ნარკორეალიზატორი. მდინარაძე ამბობს რომ პრეზიდენტი ცდილობს შეწყალებების საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აირიდოს.