პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, შეიძლება ითქვას კრიტიკულიც, - ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა პანკისში სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. ზაზა ლურსმანაშვილის განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა - არც გაუარესებულა და არც დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. რაც შეეხება, ოჯახის სურვილს უცხო ქვეყნიდან ექიმი-სპეციალისტის მოწვევის თაობაზე, ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, გუშინ ელოდებოდნენ სპეციალისტს, თუმცა ამ დრომდე კლინიკაში არ მისულა.