მორიგი მასშტაბური ხანძარი თბილისში - ცეცხლი მთაწმინდაზე, ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა და ტყის მასივს მოედო. შემდეგომ ხანძრის არეალი ფერდობზე სწრაფად გავრცელდა და მთაწმინდის პარკსა და დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა. ბელინსკის, გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლები მცხოვრებლები დახმარებას და დროულ რეაგირებას ითხოვდნენ. მათი ნაწილი სახლებიდან ქუჩაში გამოვიდა. სწრაფად გავრცელებადი ცეცხლი „ეშმაკის ბორბალსაც“ მიუახლოვდა, რის გამოც მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების და ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე 70 მეხანძრე მაშველი და შს სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. თუმცა მეხანძრეები რთული რელიეფის გამო სამაშველო ოპერაციას ვერ იწყებდნენ. იგივე მიზეზის გამო გაძნელდა ხანძრის ლოკალიზებაც. მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ადგილობრივები ნიჩბებითა და ბარებით ეხმარებოდნენ. მიუდგომელ ადგილზე მოდებული ცეცხლის გამო შესაძლოა მის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოძახება გამხადარიყო საჭირო, თუმცა ამის აუცილებლობა აღარ შეიქმნა. ადგილზე თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები მივიდნენ. ხანძრის ყველა ძირითადი კერების ლოკალიზებას დაახლოებით 2 საათი დასჭირდა.