კრიტიკოსების მიერ თანამედროვეობის საუკეთესო მსახიობად აღიარებული მერილ სტრიპის კინოკარიერა 1977 წელს დაიწყო ფრედ ცინემანის დრამით „ჯულია“. მართალია, სადებიუტო ფილმში სტრიპმა მხოლოდ ეპიზოდური როლი შეასრულა, მაგრამ რეჟისორების ყურადღება დაიმსახურა და მეტად პერსპექტიული მსახიობის რეპუტაცია შეიძინა, რაც ერთი წლის შემდეგ მაიკლ ჩიმინოს ფილმით „ირმებზე მონადირე“ გაამართლა, როცა „ოსკარის“ ნომინაცია მოიპოვა.
ამერიკული კინოაკადემიის პირველი პრემია მსახიობმა 1980 წელს, რობერტ ბენტონის დრამაში „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ შესრულებული მეორე პლანის როლით დაიმსახურა, რასაც 3 წლის შემდეგ „სოფის არჩევანისთვის“, 2012 წელს კი, ფილიდა ლოიდის ბიოგრაფიულ დრამაში „რკინის ლედი“ მარგარეტ ტეტჩერის ეკრანული სახის შექმნისთვის მიღებული პრემიები მოჰყვა. კინოაკადემიის სამგზის ლაურეატი სტრიპი აბსოლუტური რეკორდსმენია მსოფლიო კინოს ისტორიაში, რადგან არა მხოლოდ „ოსკარის“ 21 და „ოქროს გლობუსის“ 31 ნომინაციის, არამედ კანის, ბერლინის პრესტიჟული კინოფესტივალების პრიზების და ჰოლივუდის დიდების ხეივანში სახელობითი ვარსკვლავის მფლობელია.