მარცვლეული კულტურების მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესი აქტიურ ფაზაშია. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წელს, გასულ წელთან შედარებით, მოსავალი უფრო ნაკლებია, თუმცა ქერსა და ხორბალზე მოთხოვნა გაზრდილია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ.
კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყო და აგროვადების დაცვით მიმდინარეობს. ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის 100 ერთეული კომბაინი.