საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება იზრდება.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მარტში ქვეყანამ მთლიანად 1 473 744 000 კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,4%-ით მეტია, შარშან მარტში მოხმარებამ 1 234 398 000 კვტ-სთ შეადგინა.
ამასთან, გაიზარდა ელექტროენერგიის გენერაციაც. კერძოდ, თუ 2021 წლის მარტში საქართველოში სულ გამომუშავებული იქნა 661.334 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 1 076 963 000 კვტ-სთ შეადგინა, ზრდა 62,8%-ია.
ამასთან, მარტში გამომუშავებულ ელექტროენერგიაში ყველაზე დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოვიდა. კერძოდ, მარტში ჰიდროელექტროსადგურებმა ჯამში 570.784 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, თბოსადგურებმა - 499.083 მლნ კვტ-სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 7.095 მლნ კვტ-სთ.
რაც შეეხება იმპორტს, წელს მარტში ქვეყანამ 331.05 მლნ კვტ-სთ დენი იყიდა, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი 609.683 მლნ კვტ-სთ.