კომპანიამ Marriott International-მა, რომელიც სასტუმროების ქსელის მმართველი კომპანიაა, სრულიად ახალი ონლაინ-სერვისი წარადგინა. ეს სერვისი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახლის დაქირავების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
როგორც Marriott-ში აზუსტებენ, კომპანიას შტატებში, ასევე ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში 2 ათასზე მეტი სახლის გაქირავების სერვისში შეუძლია თანამონაწილეობის მიღება. დიდი ალბათობით საუბარია, ტურისტული მიზნებისთვის ელიტური სახლების გაქირავებაზე. ცნობისთვის, სერვისი ორშაბათიდან ამუშავდება.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Marriott-ი სასტუმროების ბიზნესზე სპეციალიზირებული პირველი მსხვილი კომპანია გახდება, რომელიც კერძო სახლების იჯარის ბიზნესში ერთვება. ამით ის ძალიან გავს Airbnb-ის მომსახურების სერვისს. გამოცემა წერს, რომ ბევრმა კომპანიამ Airbnb კონკურენტად აღიქვა და სწორედ ამან უბიძგა მათ, რომ ბიზნესის ეს სფეროც მოეცვათ.