ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს, თუმცა არა კატასტროფულად. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლების პიკი არ იყოს, აუცილებელია საზოგადოებამ წესები დაიცვას.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საწოლფონდების მობილიზება იმისდა მიხედვით მოხდება, როგორი იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება. როგორც მან განაცხადა, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში თითქმის ყველა საწოლი დაკავებულია, მაგრამ გაწერილი პაციენტების ადგილებს დღის განმავლობაში ახალი პაციენტები იკავებენ.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაახლოებით 4500 მოქალაქე აიცრა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ ვაქცინასთან მიმართებით მომართვიანობა მაღალია.