საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციები გაიმართება, რომელშიც ჩართული იქნებიან საპატრიარქოს წარმომადგენლებიც. კობახიძის განცხადებით, ამ კონსულტაციებზე უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საფრთხე არაპირდაპირი გზით ნარკოტიკების არალეგალური მიმოქცევის და რა სარგებელს მოუტანს კანონპროექტის მიღება ქვეყანას.
"ერთად უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად არსებობს საფრთხეები არაპირდაპირი გზით ნარკოტიკების არალეგალურ მიმოქცევასთან დაკავშირებით. ამაზე გვექნება ერთობლივი მსჯელობა. რაც შეეხება სარგებელს, რომელიც ამ კანონპროექტმა უნდა მოუტანოს საზოგადოებას, ამაზეც ერთად უნდა ვიმსჯელოთ. წარმოვადგენთ ჩვენს მონაცემებს. არც ერთ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიფიქრებთ ეკონომიკურ სარგებელზე საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე. თუ დავინახავთ, რომ კანონპროექტს მოაქვს ზიანი და შეიცავს საფრთხეს საზოგადოებისთვის, ამ შემთხვევაში ეკონომიკა გვერდით უნდა გადავდოთ. თუ ამ ყველაფერზე ყველა ერთად შევჯერდებით, შესაძლებელია მსჯელობის გაგრძელება", - განაცხადა კობახიძემ.