რუსეთი მიესალმება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებებს "ნატო-ს ტვინის სიკვდილის" თაობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ემანუელ მაკრონმა "ოქროს სიტყვები" წარმოთქვა.
"ეს ოქროს სიტყვებია. ზუსტად ასახავს ნატო-ს ამჟამინდელ მდგომარეობას. თუმცა, აქ საკითხავია კონკრეტულად როგორ აპირებს ევროპა საკუთარი ბედის გაკონტროლებას? წინა საუკუნეებში გაუთავებელმა ომებმა ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია გამოიწვია. ეს ევროპას დაეხმარა შიდა კონფლიქტების მოგვარებაში, თუმცა ამ ყველაფერმა ის იდენტობის კრიზისამდე მიიყვანა",- წერს ზახაროვა.
შეგახსენებთ, The Economist-თან ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა უფსკრულის პირასაა და ყურადღება კონტინენტის თავდაცვის პოტენციალის გაზრდაზე გაამახვილა.