ავლაბრის სასახლე შესაფერისი იქნებოდა სასამართლოსთვის, მე ამას მივემხრობოდი, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ განუცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ავლაბრის სასახლის სამომავლო ბედთან დაკავშირებით სამი ვარიანტი განიხილება, მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ სასახლეში შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლო გადავიდეს. თუმცა, კობახიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებას კარგად დაფიქრება სჭირდება. შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის სამომავლო ბედთან დაკავშირებით სამი ვარიანტი განიხილება. ერთ-ერთი ვარიანტია მისი "რესპუბლიკის სასახლედ" გამოცხადება და წარმომადგენლობით სასახლედ გარდაქმნა, უცხო ქვეყნების უმაღლესი პირების მიღებებისთვის. კიდევ ერთ ვარიანტად ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში საკონსტიტუციო სასამართლოს განთავსების საკითხი განიხილება, თუკი თავად საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმიდან თბილისში გადმოსვლას მოითხოვს. ასევე განიხილება შენობის პრივატიზაციის საკითხიც.