ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის დასკვნა ძირითადად ორი ნაწილისგან შედგებოდა - ოპოზიციისთვის მოწოდებისა და ხელისუფლებისა და ცესკო-ს მისამართით გაჟღერებული ბრალდების გამოძიების აუცილებლობისგან და მმართველი პარტია ორივე მათგანს იზიარებს. ამის შესახებ მდინარაძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას იმედი არ აქვს, რომ მათ მიერ ჩატარებული სრულფასოვანი გამოძიების შედეგადაც კი, არჩევნების შედეგებში რაიმე ცდომილება დადასტურდება და ეს არის ოპოზიციური სპექტრის სრული ლუსტრაცია, რომელთაგანაც ნაწილს, მდინარაძის განცხადებით, ინტერესი აქვს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს.