რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. მათი შეფასებით, მუქარის წერილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადება საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებთან დაკავშირებით ეჭვებს ამყარებს. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენები ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გავლენიანი პირების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. განცხადებას ხელს 17 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.