"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება "ლელო" იქნება.
შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.
"ჩვენ ვდგავართ ახლა იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის, ბოლო კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის. სწორედ აქედან ერთხელ და სამუდამოდ, განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი, ვექტორი დასავლეთისკენ", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქართველომ ბევრი რამ დაკარგა ამ ხნის განმავლობაში, დაკარგა ტერიტორიები, ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში, კარგავს ინვესტიციებს, რაც ყველაზე მთავარია, კარგავს თავის ხალხს, რომელიც გადის ქვეყნიდან.