ვანო ჩხარტიშვილის პასკვილებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, - ასე ეხმაურება "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის განცხადებას.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ყველას შეუძლია გაარკვიოს, რამდენ კომპანიასთან ჰქონდა დავა ჩხარტიშვილს და ვინ იყო მოსამართლე, რომელთანაც ყველა საქმე მიდიოდა.
"ვინმეს სჯერა, რომ ჩხარტიშვილის ნაამბობი მართალია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად სახელმწიფოებრივ საქმეებს პროკურორის თანდასწრებით არჩევს? როდესაც ორი კაცის შერიგება გინდა და შეხვედრაზე პროკურორს ახვედრებ, ამას კაცურადაც ცუდი სახელი ჰქვია. სჯობს, სიღრმეებში არ ჩავიდნენ და აქ გაჩერდნენ, თორემ გადაიჩეხებიან", - განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ ვანო ჩხარტიშვილთან არსებული დავის დეტალები გაახმაურა, რომლის მოგვარებაში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა, რასაც ჩხარტიშვილმა წერილით უპასუხა. ბიზნესმენის მტკიცებით სააკაშვილის რეჟიმის დროს მას ფოთის პორტი და წისქვილკომბინატი სწორედ თიბისი ბანკის მეშევეობით წაართვეს და "ბიძინა ივანიშვილი საქმეს კი არ არჩევდა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საქმეს აგვარებდა".