"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საკუთარი უფლებების სასამართლოში დაცვას გააგრძელებს. კერძოდ, როგორც ხაზარაძემ განაცხადა, საკუთარი უფლებების სასამართლო წესით დაცვას ის, როგორც კერძო პირი საქართველოსა და უცხოეთში, დამოუკიდებლად გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკმა“ ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავის შეწყვეტის შესახებ 21 თებერვალს განაცხადა. დავა, 2018 წლის ნოემბერში დაკისრებულ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმას შეეხებოდა. ამასთან, ბანკის ცნობით, ის ამ ფულად სანქციას გადაიხდიდა. თუმცა, ამის შემდეგ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის სარჩელის სასამართლოდან გამოტანას არ გეგმავდა და დავას დამოუკიდებლად გააგრძელებდა. ამ დრომდე უცნობი იყო რას აპირებდა ხაზარაძე, თუმცა, როგორც მან განაცხადა დავას სასამართლოში თვითონაც აგრძელებს.