გუგუტიანთკარის მკვიდრს, გივი რაზმაძეს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, მამუკა ხაზარაძე ახალი სახლის მშენებლობას სთავაზობს. ამის შესახებ ხაზარაძე ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.
"ჩვენი მოვალეობაა, მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ, გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს - დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს. ქართული კერა არ მოიშლება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, საქართველო გაერთიანდება!" - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
გუგუტიანთკარის მკვიდრი, გივი რაზმაძე მზადაა, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისდახმარება მიიღოს. თუმცა, როგორც რაზმაძემ, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ხვდება, "პალიტრანიუსს" განუცხადა, გუგუტიანთკარში სახლს აღარ აიშენებს, რადგან ოკუპანტების მიერ მცოცავი ანექსიის გაგრძელების საფრთხე მუდმივად არსებობს.
შეგახსენებთ, სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.