"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ეროვნული ბანკის მოთხოვნას მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა. ხაზარაძის თქმით, ის უსამართლობას არ შეეგუება და მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით დაიცავს „თიბისის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.
ამასთან, როგორც ხაზარაძე აცხადებს, დიდ ეჭვს იწვევს, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და მათი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს არის ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელება.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სებ-მა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს.