ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრენკ ჰიმსკერკმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგა.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და ის პოზიტიური დინამიკა, რაც 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისიდან ეკონომიკაში აღინიშნება. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება. ასევე, ხაზი გაესვა იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევისა და სიღარიბის შემცირებისთვის.