ხანჯალი - მცირე თუ დიდი ომები კაცობრიობის ისტორიაში როგორც წესი ტერიტორიისთვის ბრძოლით იწყებოდა. ქვეყნებს შორის დაპირისპირებაც იმ მხარის გამარჯვებით მთავრდებოდა, რომელსაც სათანადო შეიარაღება ჰქონდა და ბრძოლის სწორ ტაქტიკას არჩევდა. უმეტეს შემთხვევაში მებრძოლთა რაოდენობა მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო თუმცა არაერთი გამარჯვება უკავშირდება იარაღის ხარისხს, რომელიც მოცემული მხარის გამარჯვების გარანტი იყო თუნდაც მცირე ზომის არმიის მიუხედავად.
საუკუნეებთან ერთად საბრძოლო იარაღიც განიცდის ევოლუციას და მათ შორის არის ისეთებიც უკვე აღარ გამოიყენება, თუმცა როგორც სამხედრო ატრიბუტი ჯერ კიდევ შემორჩენილია. ერთ-ერთი ასეთი საბრძოლო საშუალება არის ხანჯალი - სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბასრი იარაღი, ურომლისოდაც ერთ დროს წარმოუდგენელი იყო არსებობა. როგორც სანადირო, ისე თავდაცვის ფუნქციით დატვირთული - უძველესი დროიდან აუცილებელ ნივთთა ჩამონათვალშია. სხვადასხვა კულტურული სხვაობები და ეპოქის ცვლილებები ახლებურ იერსახეს სძენდნენ მას დროსთან ერთად და მისი ფუნქციებიც მრავალფეროვანი იყო ყოველთვის.