თებერვლის შუა რიცხვებიდან სავაჭრო ქსელში უმაღლესი ხარისხის, ქართული წარმოების ზეთისხილის ზეთი და მარინადი გამოვა. კომპანია ჯეოლაივი პროდუქციის წარმოებას სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მოწეული ზეთისხილით მოახდენს. სინღნაღში კომპანიის მფლობელობაში 150 ჰექტარზე გაშენებული ზეთისხილის პლანტაციებია.
თებერვლიდან ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ყავისფერი შაქარი და ჰიმალაის მარილი გამოჩნდება, რომელსაც კომპანია ჯიდი თრეიდი აწარმოებს. კომპანიამ მცხეთის მუნიციპალიტეტში საწარმოს მშენებლობაში მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. მომავალში ჯიდი თრეიდი ქართული წარმოების ყავისფერი შაქრისა და ჰიმალაის მარილის ევროპისა და აზიის ქვეყნებში ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. ჯამში პროდუქციის 90% ექსპორტზე იქნება გათვლილი, 10% კი ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოში თავდაპირველად 25 ადამიანი დასაქმდება.