საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ის მზადაა უფრო ახლო ურთიერთობები დაამყაროს რუსეთთან. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამ განაპირობა მისი პოზიციის შეცვლა ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში, მაკრონმა უპასუხა: "ეს გადაწყვეტილება დროთა მანძილზე მოვიდა. ეს იყო ისტორიული და სტრატეგიული განსჯის შედეგი".
ჟურნალისტმა მაკრონს რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყნებთან არსებულ კონფლიქტებზე ჰკითხა, რაც „საერთო ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას“ არღვევს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თუ ყველა გაყინული კონფლიქტის მოგვარებას დაელოდები იმისთვის, რომ წინ წახვიდე, ლოდინი დიდხანს მოგიწევს.
"რუსეთმა უკრაინის ნაწილი დაიპყრო და ჩვენ მივიღეთ ზომები. ჩვენ ვცდილობთ გაყინული კონფლიქტების გადაჭრას, მაგრამ თუ ყველა გაყინული კონფლიქტის მოგვარებას დაელოდები იმისთვის, რომ წინ წახვიდე, ლოდინი დიდხანს მოგიწევს",- განაცხადა მაკრონმა.