მაქმანები - გადავხედოთ ამ ულამაზესი ხელნაკეთი მოსართავი საშუალების ისტორიას, რომელიც პერიოდულად გადაინაცვლებს ხოლმე ძველმანებში და შემდეგ ისევ აქტუალური ხდება როგორც ჩაცმულობის ნაწილი, ასევე ინტერიერის და ამა თუ იმ ნივთის გასალამაზებელი საშუალება. მაქმანის მრავალი სახეობა არსებობს. კლასიფიკაცია მათი დამზადების მიხედვით წარმოებს, რადგან უკვე რამდენიმე საუკუნეა განსხვავებული კულტურა მასზე თავის კვალს ტოვებს და ჩვენამდე მოსული სახეობების რაოდენობა ათამდე აღწევს.
მათთვის, ვინც კარგად არ დაკვირვებია ამ ნაშრომს განვუმარტავ, რომ მაქმანი ძაფისგან მზადდება კვანძებით ან თხელ მატერიაზე შესრულებული ნაქარგის შედეგად მიღებული ნაზი ქსოვილია, რომელსაც აწარმოებენ ხელითაც და სპეციალური საქსოვი დაზგების დახმარებითაც. ზოგადად იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: ნემსის და კოჭის, თუმცა არსებობს სხვა სახის მაქმანიც, როგორიცაა ყაისნაღით ან ჩხირით ნაქსოვი. ამ ზოგადი კლასიფიკაციიდან თითოეულმა დამატებითი განშტოება შექმნა კონკრეტული ქვეყნის ტრადიციებიდან გამომდინარე.
ისტორიკოსები მაქმანის წარმოშობასთან დაკავშირებით კამათობენ. მიუხედავად ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებისა, რომ ნემსის და კოჭის მაქმანის სამშობლოდ იტალია ითვლება და საწყის წერტილად 1500-იანი წლების ბოლოს ასახელებენ, რეალაურად ზუსტი ადგილმდებარეობის და თარიღის დადგენა რთულია არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. იტალიელები 1493 წლის მილანის სფორცას ოჯახის ანდერძის მიხედვით იწერენ პირველობას. მაგრამ, ვინაიდან მაქმანი სხვა რამდენიმე ტექნიკიდან წარმოიშვა, შეუძლებელია იმის თქმა, რომელ კონკრეტულ ადგილას ჩაისახა.
თავდაპირველად გამოიყენებოდა სელის, აბრეშუმის, ოქროს ან ვერცხლის ძაფები. ახლა მაქმანებს ხშირად ბამბის ძაფით ამზადებენ, თუმცა სელი და აბრეშუმი ჯერ კიდევ ფიგურირებს რა თქმა უნდა უფრო ინდივიდუალურ ნაკეთობებში. წარმოებული მაქმანი შეიძლება დამზადებული იყოს სინთეზური ბოჭკოებისგანაც. ნებისმიერ შემთხვევაში, მაქმანი დეკორატიული საშუალებაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარკვეული წლების განმავლობაში ის შეიძლება მივიწყებას მიეცეს, თუმცა როგორც წესი მისი ახლიდან გამოჩენა მოცემული ეპოქის გავლენით გაჟღენთილი ყოველთვის მოწონებას იმსახურებს. უმეტეს შემთხვევაში იცვლება მოხატულობა, მაქმანის შექმნის ტექნიკა და არა თავად იდეა, რომ ნაქსოვი, ნაქარგი თუ ნაჭერზე ლენტებით გამოყვანილი დაბოლოება თუნდაც სუფრის ბოლოს ყოველთვის აგვირგვინებს მატერიას, მით უფრო, თუ მასში საკმარისი მონდომება და გემოვნებაა ჩაქსოვილი.
მაქმანი მე-19 საუკუნეშიც მოთხოვნადი იყო. ძალიან პოპულარული იყო კაბებზე, ნაკერებზე, ჯიბეებსა და საყელოებზე მაქმანები. ამ ხელობისთვის შექმნილი საგანმანათლებლო ლიტერატურა მე-20 საუკუნის დასასრულისთვის გავრცელდა სხვადასხვა ენაზე, სადაც ხელსაქმის ნამუშევარი და ნიმუშები იყო წარმოდგენილი. მაქმანი ყოველთვის იყო ძვირადღირებული ფუფუნების ნივთი მისი შრომატევადი წარმოების გამო. მისი სტილი საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა მოდის ცვლილებების საპასუხოდ. როგორც მამაკაცები, ასევე ქალები სარგებლობდნენ მაქმანებით, როგორც ტანსაცმლის გასახალისებელი საშუალება. ხშირად მაქმანიანი ტანსაცმელი ასახავდა არისტოკრატიულ, დახვეწილ გემოვნებას. მაქმანები ამშვენებდა ქალისა და მამაკაცის საყელოებსა და მანჟეტებს, ქუდებს, ფარავდა კაბებს და ავეჯს. ქოლგებიც კი გამოჩნდა, რომელთაც დეკორატიული სახე ჰქონდა. თუმცა, როგორც სხვა არაერთი წარმოება, მაქმანმაც მიიღო მასიური დამზადების ფორმა, რამაც ინდუსტრია სახლებიდან ქარხნებში გადაიტანა. ახლა უკვე ფერადი და სხვადასხვა სისქის, ზომისა და ხარისხის მაქმანი გამოჩნდა, რომლის შოვნა მაღაზიებში იყო შესაძლებელი. ერთის მხრივ ამან გააიაფა ნაწარმი, მეორეს მხრივ ხელით წარმოება თანდათან შეამცირა.
მოკლედ, ამ მშვენიერი ნაწარმის ევოლუციის გზა, რამდენიმესაუკუნოვანი ისტორია შექმნა და დედამიწის ამა თუ იმ კუთხეში განსხვავებული იერსახე შეიძინა. რადგან მასთან მიმართებაში ინტერესი დღესაც მაღალია, ვფიქრობ მომავალშიც განაგრძობს განვითარებას.