ავსტრიაში ბევრს დღემდე არ სჯერა, რომ ცნობილი ტელეწამყვანი ჯეკ უნტერვეგერი სწორედ ის სერიული მკვლელია, რომელიც "ვენელი მახრჩობელას" სახელით გახდა ცნობილი, რადგან მართალია, მკვლელობისთვის უნტერვეგერმა 15-წლიანი პატიმრობა მოიხადა, მაგრამ განთავისუფლების შემდეგ სწრაფად შეიძინა წარმატებული ჟურნალისტის და მწერლის რეპუტაცია, მისი სტატიები და გადაცემები კი, ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ჯეკ უნტერვეგერი 1950 წლის 16 აგვისტოს დაიბადა ავსტრიელი მეძავისა და ამერიკელი ჯარისკაცის შემთხვევითი კავშირის შემდეგ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ქალს არაფერში სჭირდებოდა ზედმეტი "ტვირთი" და ბავშვზე მეურვეობა საკუთარ მამას გადააბარა. მოგვიანებით უნტერვეგერი ამტკიცებდა, რომ ბაბუა სასტიკი ლოთი იყო და გასაქანს არ აძლევდა მცირეწლოვან ჯეკს, თუმცა ნათესავები სრულიად განსხვავებულად იხსენებდნენ მოხუცს, რომელიც მართალია, სიღარიბეში ცხოვრობდა, მაგრამ არასდროს ეძალებოდა სასმელს, შვილიშვილი კი, ძალიან უყვარდა და ძალას არ იშურებდა მის დასაცავად, თუმცა ბაბუას ავტორიტეტი საკმარისი არ აღმოჩნდა ქუჩის დამღუპველი გავლენისგან თავის დასაღწევად.