აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ზეწოლის მოსახდენად და მისი მოქმედებების შესაცვლელად უფრო „მტკიცე და კრეატიული“ ნაბიჯები უნდა გადადგან. პომპეომ რიჩარდ ნიქსონის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აშშ-ის ყოფილი ლიდერის წუხილი იმის გამო, რომ მან ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მსოფლიოსკენ გზა გაუხსნა, წინასწარმეტყველური იყო.
”პრეზიდენტმა ნიქსონმა ერთხელ თქვა, რომ შიშობდა, ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მსოფლიოს გახსნით მან „ფრანკენშტეინი“ შექმნა და აი, სწორედ აქ ვართ,“- განაცხადა მაიკ პომპეომ.
მისივე თქმით, თუკი თავისუფალი სამყარო კომუნისტურ ჩინეთს არ შეცვლის, მაშინ კომუნისტური ჩინეთი შეცვლის მას.
”დროა თანამოაზრე ერების ახალი დაჯგუფება, დემოკრატიების ახალი ალიანსი შეიქმნას. თუ თავისუფალი სამყარო არ შეცვლის ჩინეთს, კომუნისტური ჩინეთი ნამდვილად შეგვცვლის ჩვენ,” - განაცხადა მაიკ პომპეომ.