„მაგთის“, „სილქნეტსა“ და „ბილაინს“ თანხმობის გარეშე მობილური მომსახურების გაძვირება აეკრძალათ. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათი ცნობით, კომისიის ეს გადაწყვეტილება ეხება როგორც მობილურ ხმოვან და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე - მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღო. კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნულ ბაზარზე არსებული შეთავაზებები, განსაკუთრებით ხმოვანი მომსახურებების ნაწილში, არასაკმარისად დივერსიფიცირებულია აბონენტების მოთხოვნილების საპასუხოდ. შესაბამისად, აბონენტი ხშირად იძულებულია შეიძინოს მომსახურების კომბინირებული პაკეტი, ისე, რომ ამ პაკეტის სრულ რესურსს არ იყენებს.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შედეგად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას, კომისიის თანხმობის გარეშე, მომსახურების ტარიფები შეცვალონ.