„სილქნეტი“ მობილურ ულიმიტო ინტერნეტპაკეტებს აძვირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელდა.
კერძოდ, კომპანიის ცნობით, ფასის ცვლილება 27 ივლისიდან განხორციელდება. უფრო კონკრეტულად, 27 ივლისიდან 1 დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი – 1.50 ლარის ნაცვლად 2 ლარი ხდება; 5 დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი – 6 ლარის ნაცვლად 7 ლარი ეღირება; 30 დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი – 30 ლარის ნაცვლად 32 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ტარიფების ცვლილება დააანონსა კომპანია „მაგთიკომმაც“. კერძოდ, 3 აგვისტოდან „მაგთი“ ცვლის როგორც ზარის, სმს-ს, მობილური ინტერნეტის საფასურს, ასევე იცვლება ულიმიტო ინტერნეტ-პაკეტების და ოპტიკური ინტერნეტის ტარიფიც.
კერძოდ, ულიმიტო მობილური ინტერნეტი თვის განმავლობაში – 32 ლარი ეღირება, კვირის პერიოდში – 9 ლარი, ხოლო დღე-ღამის პერიოდში ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის ფასი – 2 ლარი იქნება.
იცვლება ოპტიკური ინტერნეტის ტარიფებიც. უფრო კონკრეტულად, 3 აგვისტოდან, მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით, ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით – 30 მბ/წმ-ით, ხოლო ფასი თვის განმავლობაში – 37 ლარი იქნება, ასევე, მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით – 25 ლარად, 3 აგვისტოდან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით – 30 მბ/წმ, ფასი კი – 30 ლარი გახდება.