მადრიდში ნატოს სამიტი მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში 29-ა ივნისს 30-ი ქვეყნის ლიდერები, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ერთმანეთს შეხვდებიან. სამიტს მისასალმებელი სიტყვით ნატოს გენერალურმა მდივანმა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მიმართეს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სამიტზე უნდა შეთანხმდეს ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ასევე უნდა განისაზღვროს უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი, ასევე მიაღწიონ პროგრესს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ევროპელი ლიდერების შეკრება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სამიტამდე კი ნატოს გენერალური მდივანი საქართველოსთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას აანონსებს. იენს სტოლტენბერგი ჯერ არ აკონკრეტებს, რა სახის დახმარებას მიიღებს ალიანსისგან ოფიციალური თბილისი, თუმცა ცნობილია, რომ პაკეტით განსაზღვრული მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოემსახურება.