ლოს-ანჯელესის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ახალი გეგმა, რომლის შესაბამისადაც, ქალაქის ქუჩებში 2050 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილებმა უნდა იმოძრაოს. ეს არის ლოს-ანჯელესის მერის დიდი გეგმის ნაწილი, რომლის მიზანიც, ქალაქში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება და მისი მწვანე ენერგიაზე გადაყვანაა.ამავე გეგმის შესაბამისად, 2025 წლისთვის ქალაქში მოსიარულე ავტომობილების 25 პროცენტი ელექტრომობილი უნდა იყოს. 2035 წლისთვის კი ელექტრომობილების წილი 80 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს. ამასთან, ინტერნეტ გამოცემა „ელექტრივ“ წერს, რომ 2028 წლისთვის ყველა სასკოლო ავტობუსი ნულოვანი გამონაბოლქვის აგრეგატებით უნდა იყოს აღჭურვილი, 2034 წლისთვის კი მსგავსი ლიმიტი კომერციულ ავტომობილებსაც შეეხება. ლოს-ანჯელესის მერის ოფისი ასევე მუშაობს იმაზე, რომ შეამციროს ქალაქის მცხოვრებელთა ყოველდღიური გადაადგილების საშუალო მანძილი. ამის მისაღწევად, განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი. ამასთან, ქალაქში ეგრეთ წოდებული საცობების მოსაკრებელი დაწესდება, რომელსაც ქალაქის გარკვეულ უბნებში მოძრაობისას გადაიხდიან.