მსოფლიოში უმსხვილესი სამოგზაურო კომპანია Lonely Planet 2020 წლის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას ასახელებს. სიის პირველ ადგილს ბჰუტანი იკავებს, რომელიც აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჰიმალაის მთიან რეგიონში მდებარეობს. ბჰუტანი უძველესი კულტურის მქონე სახელმწიფოა, სადაც უამრავი ისტორიული ტაძრისა და ადგილობრივების ყოფა-ცხოვრების ნახვაა შესაძლებელი.
ათეულის მე-2 ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს, რომელიც ისტორიული ადგილების სიმრავლით გამოირჩევა. ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ დანიშნულებას სამეფოს დედაქალაქი ლონდონი წარმოადგენს. ამასთანავე, ქვეყანაში უამრავი ეროვნული პარკი, ნაკრძალი და დაცული ტერიტორიაა.
Lonely Planet-ის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ათეულში ასევე მოხვდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, არუბა, სვაზილენდი, კოსტა-რიკა, ჰოლანდია, ლიბერია, მაროკო და ურუგვაი.