ლონდონში "გრენდელფ თაუერში" ხანძრის გაჩენის შესაძლო მიზეზი მაცივრის აფეთქებაა. ამის შესახებ საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ისაუბრა. მაჰად ეგალი, რომელიც მეოთხე სართულზე ცხოვრობს და ოჯახთან ერთად ხანძარს თავი დააღწია, ამბობს, რომ ხანძარი მეოთხე სართულზე გაჩნდა და მისმა მეზობელმა უთხრა, რომ მისი მაცივარი აფეთქდა. ხანძრის გაჩენამდე, შენობას სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა, რადგან საცხოვრებელ კომპლექსში გათბობის სისტემები და სამზარეულოები განსაახლებელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამგებელი აკეთებს. პარალელურად მომხდარში ლონდონის მერიასაც ადანაშაულებენ. შენობის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, ჩრდილოეთ კენსინგტონი, ცენტრალურ ლონდონს მოწყვეტილია და მათზე არავინ ზრუნავს. მისი თქმით „გრენდელფ თაუერში“ მცხოვრებლებმა ქალაქის მერიას არაერთხელ მიმართეს, იმის შესახებ რომ შენობა განახლებას საჭიროებდა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. მომხდარზე განცხადება გაავრცელა ლონდონის მერმა. სადიქ ხანის თქმით, ის მომხდარით განადგურებულია. ლონდონის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით უამრავი ლეგიტიმური კითხვები ჩნდება, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს. საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, შენობაში მცხოვრებმა 125-მა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. ჩრდილოეთ კენსინგტონის გამგებლის, რობერტ ატკინსონის თქმით, ამ ოჯახებს მთავრობამ ყველანაირი ზარალი უნდა აუნაზღაუროს.