საკონსულტაციო გიგანტ „ერნსტ ენდ იანგის“ ინფორმაციით, ბრექსიტის წინ, ლონდონს დაახლოებით ტრილიონი სტერლინგის ანუ ტრილიონ 320 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები ტოვებს. მათი მფლობელები ოფისებს ევროკავშირის სხვადასხვა დიდ ქალაქში ხსნიან. პარალელურად, ბრიტანეთი 7 ათასამდე მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს კარგავს.
ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ გასვლის ბოლო ვადას გადაიტანენ, რადგან ამას ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა და მალევე ამავე საკითხის ევროკავშირის ლიდერებთან შეთანხმებას, პრემიერ-მინისტრი ეცდება.
"ერნსტ ენდ იანგის" მიერ წინა კვარტალში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბრიტანეთიდან 800 მილიარდი სტერლინგის ღირებულების აქტივების ევროკავშირში გატანა იყო მოსალოდნელი. ახალი მოხსენების შესაბამისად კი ეს რიცხვი ტრილიონამდე დამრგვალდა.კომპანიებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულება დუბლინია, სადაც თავისი დაწესებულების გახსნას 28 კომპანია აპირებს. გარდა ამისა, კომპანიები ოფისებს ფრანკფურტში, ლუქსემბურგში, პარიზსა და სხვა ქალაქებში ხსნიან.