საქართველოში კერასკო მეთოდით მოყვანილი ლოკოკინების ექსპორტი იტალიის ბაზარზე იგეგმება. „ლუმაკერია იტალიანა“ -სა და „საერთაშორისო ჰელიკოკულტურის ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა, სიმონე სამპომ ქართული ბაზრის, ტერიტორიების შესწავლისა და ქვეყანაზე მორგებილი კომერციული სერვისის განვითარების მიზნით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ადგილობრივ ფერმერებთან არაერთი შეხვედრა, საგანმანათლებლო ტრენინგი და კონფერენცია გამართა. კომპანიამ მორიგ შეხვედრაზე „საგაპო კოსმეტიჩის“ ხაზის პრეზენტაცია წარადგინა, რომელიც ეძღვნება სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების, ასევე უმაღლესი ხარისხის სიროფებისა და კვებითი დანამატების წარმოებასა და გაყიდვას. პროდუქცია მზადდება სერთიფიცირებული ლოკოკინის ლორწოსგან, რომელიც მოყვანილია კერასკოს მეთოდით გაშენებულ მეურნეობებში. სიმონ სამპოს თქმით, მალე ქართული ლოკოკინით დამზადებული პირველი კოსმეტიკური პროდუქცია იარსებებს. ხოლო, საქართველოდან იმპორტირებული ნედლეული გარკვეულ გადამუშავებას დაექვემდებარება იქამდე, სანამ იტალიის კომერციულ ქსელში გაიყიდება. კომპანიამ აიღო კონკრეტული ვალდებულება როგორც ხორცის, ასევე ლორწოს ექსპორტზე საქართველოდან იტალიაში.აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ლოკოკინას წარმოება საკმაოდ მომგებიან და პერსპექტიულ ბიზნესად მიიჩნევა. საქართველოში კი, ამ ბიზნესის პოპულარობა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით იზრდება. ჰელიკოკულტურის საერთაშორისო ინსტიტუტის ოპერატიული ოფისი თბილისში, დავით ყიფიანის 2/ბ-ში გაიხსნა, სადაც ლოკოკინის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების გვერდით ქართველი სპეციალისტები მუდმივად იმუშავებენ და დახმარებას გაუწევენ მათ.