რუსეთის აგრესიის გამწვავების შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს - უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
მათივე ინფორმაციით, ლოიდ ოსტინმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო და დაარწმუნა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რომ აშშ მზადაა დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინას დაეხმაროს.
„აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსული აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში, შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს და არ დაუშვებს რუსეთის ფედერაციის აგრესიული მისწრაფებების განხორციელებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.