ლისის ფერდზე მიწის მცირე ნაწილი დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩამოიშალა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას განუცხადეს, სადაც ნათქვამია, რომ ლისის ფერდზე მიწა დაიძრა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ერთი კვირაა, რაც მშენებლობა გააჩერა. ხვალ კი ადგილზე კონსტრუქტორი მივა და გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.
ცნობისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მშენებლობის გამო ლისის ფერდზე მიწა ისევ დაიძრა.
„მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ ქვეყანას! სად არიან მერობის კანდიდატები, გასცენ ამ ხალხს პასუხი! 112-თან არის! არ იყიდოთ აქ სახლი, საშიშია!“- წერს გოდოლაძე.