საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობამ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კვლავ ლევან კობიაშვილი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 28 დელეგატმა დაუჭირა, ხმის უფლების მქონე კიდევ 2 დელეგატი კი ყრილობას არ ესწრებოდა. არჩევნების პროცესს ფიფა-ს წარმომადგენელი ოლივერ იუნგი, უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი მიკელე უვა და უეფა-ს წარმომადგენელი დენის ბასტარი აკვირდებოდნენ. არჩევნების პროცედურის დაწყებამდე ლევან კობიაშვილმა განვლილი ოთხი წლის საქმიანობა შეაჯამა და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარმოადგინა. კობიაშვილი, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. შესაბამისად, კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.