ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის საქმის წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა მტკიცებულებებს შორის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობა წარადგინა, რომელიც ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხება.დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ, დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდავო გახადა.როგორც ჯიბღაშვილის ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი აცხადებს, რადგან ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა, ყველა მტკიცებულება უდავო გახადეს."ლევან ჯიბღაშვილი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, გამოძიებასთან თანამშრომლობს, შესაბამისად, მტკიცებულებები უდავოდ მივიჩნიეთ. ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადად, ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლები იყო, მათ შორის, რეკომენდაციები. რაც შეეხება მამათა მონასტრიდან ცნობას, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დახასიათება. აღნიშნული ეკლესიის მშენებლობაში ლევან ჯიბღაშვილს წვლილი აქვს შეტანილი", - განაცხადა კოტეტიშვილმა.ლევან ჯიბღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.ცნობისთვის, ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.