ლევან იზორიას თურქეთში ვიზიტი დედაქალაქ ანკარაში, ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრს თურქმა კოლეგამ ნურეთინ ჯანიქლიმ უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა საუბარი საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების შემადგენლობით გაფართოებულ ფორმატში განაგრძეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს.ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი მუზეუმი დაათვალიერა.ხვალ ქალაქი გირესუნი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს.