გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური აგროკომპლექსი დაათვალიერა.
1200 ჰა მიწის ფართობზე გაშლილი აგროკომპლექსი, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამების - „დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“ ბენეფიციარია.
როგორც პალიტრანიუსს სოფლის მეუნეობის სამინისტროდან აცნობეს კომპლექსი აერთიანებს იტალიური ჯიშის სუფრის ყურძნის ვენახებს, ვაშლის ინტენსიურ ბაღებს, ფრანგული ჯიშის სიმინდის ნათეს ფართობებს, ვაშლის შესანახ-სამაცივრო მეურნეობასა და მეხორცული ჯიშის ფერმას. ბაღები აღჭურვილია თანამედროვე საირიგაციო და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით. სამაცივრო მეურნეობაში დანერგილია ULO ტექნოლოგია, რომელიც ხილის იერსახის ხანგრძლივ შენარჩუნებას უზრუნველყოფს.