გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში, საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის ორგანიზაციულ საკითხებს გაეცნო. როგორც შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა სახელმწიფოს მხრიდან ყველა პირობაა შექმნილი, რომ მევენახეებმა ყურძენი ჩააბარონ და ანაზღაურება აიღონ.
უწყების ცნობით 21 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 120 ათასი ტონა ყურძენი; ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 60-ზე მეტი ღვინის საწარმო. მიმდინარე წელს, პანდემიის შედეგად შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის ყველა ის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ, 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს, არანაკლებ, 0,80 ლარს გადაუხდის. აღნიშნულ შემთხვევაში, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია 0,30 ლარის ოდენობით როგორც 1 კგ რქაწითელზე, ისე 1 კგ კახურ მწვანეზე.