გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიდიების მწარმოებელ საწარმოში "მარიკულტურა გეორგია“ მუშაობის პროცესს გაეცნო.
კომპანიამ საზღვაო ფერმისა და გადამმუშავებელი საწარმოს მოსაწყობად, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სახელმწიფოს დაფინანსებამ 470 000 ლარი შეადგინა. კომპანიას შავ ზღვაში, სოფელ კვარიათთან, წყალქვეშა ზღვის ფერმა აქვს, სადაც ზღვის პროდუქტების კულტივირება და მოყვანა ხორციელდება. ძირითადი აქცენტი კეთდება შავი ზღვის მიდიებზე და ხამანწკებზე.
კომპანიის წყალქვეშა საზღვაო ფერმა 70 ჰა ზღვის აკვატორიას მოიცავს. მისი წარმადობა, სეზონზე, 30 ტონა მიდიას და 10-15 ტონა ხამანწკას შეადგენს. მიდიის ზრდასრულ ასაკამდე გაზრდას 2 წელი, ხოლო ხამანწკის - 4 წელი სჭირდება.
წარმოებული პროდუქციის ცოცხალი სახით რეალიზება მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში, კომპანია მომხმარებლებს შოკური მეთოდით გაყინულ პროდუქციას სთავაზობს.