დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ, რომელიც დღეს მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო, განაცხადა, რომ შეუძლოდ არის. გუგა ბარბაქაძემ სხდომის გადადება მოითხოვა, ვინაიდან მისივე განმარტებით, მას მაღალი სიცხე აქვს, რაც დისკომფორტს უქმნის.
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მსჯავრდებულს კითხვით მიმართა, ის მხოლოდ დღეს ვერ მისცემდა ჩვენებას, თუ საერთოდ უარს აცხადებდა, რასთან დაკავშირებითაც, გუგა ბარბაქაძემ განაცხადა, რომ ის ჩვენებას მხოლოდ დღეს ვერ მისცემდა.
სხდომის გადადებას დაეთანხმა ბრალდების მხარე. მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ კი, აღნიშნა, რომ "ბრალდებული ავად გახდა დარბაზში, ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ".